სასოწარკვეთილი აბიტურიენტები 2012

ამ მუდამ ცვალებადმა წუთისოფელმა თავისი ცეცხლოვანი მახვილი აღმართა, პირი ჩემკენ იბრუნა და… რა უდროო დროს ჩამოჰკრა უბედურების ზარმა (facepalm). მე აბიტურიენტი ვარ. ნუ მთლად ისეც არ არის რაც ზევით წერია. ვაღიარებ ცოტა გავამუქე, მაგრამ ეგ ჯერ კიდევ გასარკვევია გამუქებულია თუ არა. აქ წუწუნს და ჩივილს არ ვაპირებ, მენანება ბლოგი და მკითხველი, თან ვიცი ჩემი ნათქვამი ვითარცა “ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა” ისე დარჩება. ამიტომ გადავწყვიტე უბრალოდ მიმოვიხილო წარსული და განვჭვრიტო მომავალი (რაღათქმაუნდა განათლების სამინისტროს ირგვლივ).  ყველაფერი იმით დაიწყო რომ მე შევედი სკოლაში. შევედი და 1 წელიწადში გამოვალ, მაგრამ ზოგისთვის უკან გამოსასვლელი გზა არც ისე იოლია. პრინციპში ვინც სკოლაში შევა უკან დასაბრუნებელი გზა მოჭრილი აქვს. ჩაგტოვებენ მანამ სანამ… სავარაუდოდ, არ მობეზრდებათ შენი ყურება და შეიძლება არც შემდეგ გამოგიშვან. გამოღწევის შემთხვევაშიც თავის კვალს მაინც დაგიტოვებს, პირად საქმეს ამოგიდებენ იღლიაში, გამოგიშვებენ აცრემლებული თვალებით და მერე იარე აქეთ-იქით, მაინც არავის სჭირდება ეგ შენი ცხრა კლასის დამთავრების დამადასტურებელი საბუთი. მაგრამ განათლების სამინისტრო რისი განათლების სამინისტროა თუ ქართველ ბედკრულ ახალგაზრდობას გვერდში არ დაუდგა?! და სწორედ ასეთ ძნელბედობის ჟამს გამოჩნდა პროფესიული სასწავლებლები. და ისევ ამობრწყინდა მნათობი ურო, ჩაქუჩი, ნემსი და სადგისი საქართველოს თავზე.

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ მე გასაქცევი არაფერი აღმომაჩნდა და დღემდე მშვიდობით ჩავათავე 11 კლასი. მშვიდობით მეთქი რომ ვამბობ ეს ისე, კონტექსტში ჯდებოდა. მე კი მინდოდა მშვიდობა, მაგრამ ეს ახალი განათლების სისტემა რომ შემოგიჩნდება, ძნელია მერე მშვიდობაზე საუბარი. ყველაფერი ჩემთაობას დაატყდა თავს. ჯერ საპილოტო კლასებიო, ერთ წიგნს რომ ვიყიდდი, მეორე დღეს მეუბნებოდნენ ეგ აღარ არის სისტემაში და სხვა იყიდეო. შემდეგ იქ პატარ-პატარა ნიუანსები, ნიშნების სისტემა, ახალი მინისტრი, მანდატურები და 8 გამოცდა. მანდატურების მომხრე ვარ, იმას რომ თავი დავანებოთ თუ როგორ მოწესრიგდა ჩემს სკოლაში სიტუაცია მათი შემოსვლის შემდეგ, მათ ჩემთვის არაფერი დაუშავებიათ, თუ მე არ დამმიშავებია რამე ჯერ?! მართალია ჩემს სკოლაში უმეტესობას არ გაუჭირდება 8 გამოცდის ჩაბარება, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ უკეთესი იქნებოდა ეს 8 გამოცდა დამამთავრებელი კლასებისთვის კი არა 6 კლასიდან დაენიშნათ. ბავშვები უკვე შეგუებულები იქნებოდნენ იმ აზრს, რომ მათ მოელით რვა გამოცდა და მათ ჩასაბარებლად ყოველი საგნის კარგად სწავლაა საჭირო. ხოლო დღეს რა მივიღეთ? 11-12 კლასელების უმეტესობა პანიკაშია და მიუხედავად იმისა რომ კარგად სწავლობენ მაინც ეშინიათ ამ გამოცდების. ახლა რაც შეეხება აბიტურიენტობას. მოხარული ვარ იმით რომ სკოლებში დაინიშნა აბიტ-კლასები. ანუ ამათუიმ საგნის მასწავლებელი სპეციალურად სააბიტურიენტო მასალას შესაბამის ფორმატში მიაწვდის ყველა მოსწავლეს, რაც მთავარია აბიტ-კლასის დროს “არა” არ იწერება.

მოდი ეროვნულ გამოცდებზე ვიტყვი რამდენიმე სიტყვას. მათი ჩატარების ფორმატი მისაღებია ჩემთვის, უბრალოდ ერთი რამ ვერ გამიგია, რატომ ირთულებენ ტესტების შემდგენელი ხალხი სამქმეს. ერთი საგნის ოთხი ვარიანტიდან ერთი აუცილებლად რთული აღმოჩნდება და შემდეგ იმ აბიტურიენტებს ვისაც ეს ვარიანტი შეხვდათ სკალირებულ ქულებს უმატებენ O_o.
წელს გამოცდების პასუხების გამოქვეყნება გაჭიანურდა და ეს საწყალი აბიტურიენტები კედლებს ასკდებიან. თავისმხრივ განათლების სამინისტროს ოფიციალური გვერდი ფეისბუქზე მათ დამშვიდებას ცდილობს. მე რა თქმა უნდა ამ ყველაფერს ვათვალიერებ, მინდა ვიცოდე რას უნდა ველოდე 2012 წლის ეროვნული გამოცდებისგან.

ამ ყველაფერს თუ შევაჯამებთ, ჩემო ძვირფასო 2012 წლის აბიტურიენტებო ასე გამოდის რომ სწორედ ის დროა ხელებში ორი აგური გვეჭიროს და მესამეს ვეძებდეთ.

თუ თქვენ სიდიდის მიუხედავად მაინც წაიკითხეთ ეს პოსტი… თქვენ მოიგეთ ულიმიტო დაკომენტარების უფლება და “დაუზარელის” ტიტული ჯეოლიბერთისგან და ჩემგან.

ალიგატო Geoliberty©

18 thoughts on “სასოწარკვეთილი აბიტურიენტები 2012

  1. პოსტი კარგი იყო… ეხლა გეტყვი რატომ ‘ირთულებენ საქმეს’ ტესტების შემდგენლები, რთული ვარიანტი ვლინდება შემდეგნაირად, ანუ ის ვარიანტში, რომელშიც საშუალო ქულა იქნება დაბალი გამოვლინდება რთულ ვარიანტად, ეს შეიძლება მოხდეს იმით რომ თვით ვარიანტი იყოს ოდნავ რთული(რაც გამორიცხულია ჩემი აზრით, რადგან ერთნაირი დონის და ხარისხის დავალებებია ყველა ვარიანტში) ან თვითონ ბავშვების ნაკადი რომელიც წერს ამ ვარიანტს არ იყოს კარგად მომზადებული და საერთო დონე დაბალი იყოს. ანუ სულაც არ არის დამოკიდებული ვარიანტების სირთულე/არსირთულე თვით ვარიანტზე, მიზეზი აბიტურიენტებში უნდა ვეძებოთ:)))

    • ძნელი დასაჯერებელია, რომ ერთ ვარიანტზე (ჩვენ შემთხვევაში ის რომელიც რთული აღმოჩნდება) ამდენმა მოუმზადებელმა აბიტურიენტმა მოიყაროს თავი. თუმცა დაბნეულობის ფაქტორიც არის და ლოგიკურად (შენი კომენტარიდან გამომდინარე) 4 ან 3 ვარიანტიდან ერთში აუცილებლად გამოვლინდება დაბალი საშუალო ქულა.

  2. გამიჩნდა დაკომენტარების სურვილი, მაგრა არ მინდა შეგაშინო )))
    პ.ს. დავამთავრე ცხოვრების ეგ გრანდიოზული პერიოდი

  3. ნანუკ ეხლა მართლა მძიმე წელი გველოდება…ვინ იცის რა იქნება..მეშინია გამოცდების მაგრამ მაინც მე თავდაუზოგავად ჩემსას ვცდი და იმედია ყველაფერი კარგად დამთავრდება არა მარტო ჩემთვის არამედ ყველა აბიტურიენტისთვის..ყველას წარმატებები…გენაცვალე შენ მიყ..

  4. ” ერთი საგნის ოთხი ვარიანტიდან ერთი აუცილებლად რთული აღმოჩნდება და შემდეგ იმ აბიტურიენტებს ვისაც ეს ვარიანტი შეხვდათ სკალირებულ ქულებს უმატებენ O_o” < ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი უაზრობაა განათლების სამინისტროს მხრიდან, რა ვქნა მე საწყალმა თუ არ შემხვდა ეგ ვარიანტი – ხომ უსამართლოა გარკვეულ ნაწილს ემატებოდეს მარტო?! ან ყველას ან არავის 😦

  5. kargi postia, martlac rtuli weli gelit… aba tqven icit, gulwrfelad viziareb…. tumca warmatebis saidumlo mxolod tqvens mondomebashi da nebisyofashia, ase rom dzaanac nu sheshindebit… chemi rcheva iqneba bevri kaloriebi daagrovet, mere sheidzleba chamistvis ver moicalot. kargad gamoidzinet radgan umaglesisken mimavali gza tetr gameebze gadis… xom gagigiat swavlis dziri mwareao… yvelafris gadalaxvis shemdeg arc iseti rtuli mogechvenebat es yvelaferi rogorc erti shexedvit chans.

    • მადლობა რჩევებისთვის, ეს ყველაფერი რომ ჩათავდება მერე დარწმუნებული ვარ სიცილით გავიხსენებთ ხოლმე, მაგრამ ჯერ-ჯერობით მე ამ ერთ წელს რომ ვუყურებ აქედან სულ არ ვდგები სიცილის ხასიათზე.

Leave a reply to Zura Tugushi კომენტარის გაუქმება