”შავი თოლია”

ახლა არეულობას ვგრძნობ, სრულ ქაოსს. უამრავი ხმა მესმის, მაგრამ არცერთი გარკვევით.
დასვენება მინდა…
უკაცრიელ კუნძულზე წასვლაზე და იქ ერთი-ორი თვის გატარებაზე ოცნება არ ღირს, კი მიფიქრია, მაგრამ არ მინდა. იქ თავს თავისუფლად ვერ იგრძნობ. ყოველთვის ვამბობ, რომ ყველაფერი შედარებითია, აი მაგალითად, ჩემი ბლოგი მაშინ არის რეიტინგული, როდესაც მასზე ნაკლებად რეიტინგულიც არსებობს, ანუ იმასთან შედარებით ჩემი ბლოგი რეიტინგულია. იგივეა კუნძულზე განცდილი თავისუფლება. გააჩნია მას როგორ აღვიქვამთ. თუ კუნძული უკაცრიელია და იმას აკეთებ რაც გინდა, ეს შენ თავისუფალ ადამიანად გაქცევს? არა ეგ თავისუფლება არაა, ეგ უბრალოდ ის არის რისი გაკეთებაც საზოგადოებაში არ შეგეძლო და ახლა აკეთებ რადგან კუნძული უკაცრიელია.

არა კუნძული არ მინდა. ნავი მინდა.. არა, გემი მინდა. დიდი გემი. გრანდიოზული. ეკიპაჟი მინდა. ზღვა მინდა, ლურჯი და შავი ტალღებით. ქარიშხალი მინდა, ისეთი, უზარმაზარ ზვირთებს, რომ წამომართავს ყველაფრის ჩასანთქმელად. გემბანზე, წვიმაში, იმ ქარიშხლის ზუზუნში გააფთრებული სირბილი და მერე... გადარჩენა მინდა. გემის მართვა მინდა, უკიდეგანო სივრცეში, თავისუფლად, ქარის მიმართულებით და მის საწინააღმდეგოდ, ნაპირთან შეუჩერებლად, ზღვაში, ოკეანეში და ისევ ზღვაში, ისევ ოკეანეში და ასე მანამ სანამ სამყარო სულ მთალად არ დაპატარავდება, შევიწროვდება. თუმცა იგივე დარჩება ყველაფერი, მაგრამ მაინც სივიწროვე იქნება. აი ზღვას კი ეგ არ/ვერ შეეხება. ზღვა და ოკეანე უკიდეგანოა, ფართეა, ის არასდროს ვიწროვდება. ჰო… ვიქნებოდი იქ ჩემს ეკიპაჟთან ერთად. გიჟ ინტელიგენთებთან, მონდომებულ ზარმაცებთან, გარიყულ, მიტოვებულ და შერეკილ მეზღვაურებთან ერთად. ვიქნებოდი იქ არა ერთი-ორი კვირით არამედ მთელი ცხოვრებით. ხომ სჯობს იმ დაწყევლილ კუნძულს, სადაც თავისუფლება და ტყვეობა სინონიმებია. კი სჯობს. შენც წაგიყვანდი,

მაგრამ ჯერ გკითხვადი:
– რამდენად შორს შეგიძლია წასვლა ჩემს ეკიპაჟთან ერთად?

და გამჭოლ მზერას გესროდი.

შენ მიპასუხებდი:
– ჰორიზონტის დასასრულამდე.

– კეთილი იყოს შენი მობრძანება ”შავი თოლიის” გემბანზე.
და შევცურავდით გაშლილ ზღვაში.

ყველა თავის ადგილას იქნებოდა, მე საჭესთან, შენც იქ სადაც შენ იპოვიდი შენს ადილს გემზე. ვიქნებოდი ”შავი თოლიის” კაპიტანი და ერთი წამითაც არ ვინანებდი იმას, რომ შორეულ ნაპირზე ყველაფერი დავტოვე რაც გამაჩნდა. არც შენ ინანებდი. თუ ინანებდი, წაგიყვანდი ჩვენთვის კარგად ნაცნობ უკაცრიელ კუნძულზე და მოგცემდი დამბაჩას და ერთ ტყვიას.
მე შენზე არ ვინერვიულებდი, რადგან მეცოდინებოდა, რომ შენ იქ იყავი სადაც ყველაზე მეტად გინდოდა ყოფნა.
მე ვიქნებოდი თავისუფალი. არა არა, ისევ ვერ გაიგე, თავისუფალი არა იმიტომ, რომ ნებისმიერი მიმართულებით ვივლიდი და არავის შევეკითხებოდი არაფერს, არამედ იმიტომ, რომ მე ვიქნებოდი ზღვაში და ზღვა იქნებოდა ჩემში. მე ვიქნებოდი ღია ზღვაში, ყველაფრისგან თავისუფალი, ყველაფრისგან შორს, მაგრამ თან ახლოს, თუმცა იმ ყველაფერთან მისვლა არ მომინდებოდა. არც შევხედავდი. აი ჩემი თავისუფ…. ჩუ..მად… მგონი გაჩერდა. ხმებიაღარ მესმის. მიწყდნენ, მიყუჩდნენ, მაგრამ ვიცი სულ მალე ისევ აბობოქრდებიან და შორს წაიღებენ ჩემს თავისუფლებას, ისევ დამიწყებენ ყვირილს, ისევ აირევიან ერთმანეთში.

სულელები! ნუთუ ვერ ხვდებიან, რომ ასე არცერთის არ მესმის.

სულ ცოტაც და დაიწყება…..

მალე, ბევრი დრო არ მაქვს, მოდიხარ? რამდენად შორს შეგიძლია წასვლა ჩემს ეკიპაჟთან ერთად? …………………. ძალიან კარგი, კეთილი იყოს შენი მობრძანება ”შავი თოლიის” გემბანზე.

წინ, ჰორიზონტის დასასრულისკენ!

ისევ გაჩუმდნენ?

Advertisements

2 thoughts on “”შავი თოლია”

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s