საზამთრო და Happy End

10426529_830931490259867_3820558531209211553_n

WARNING: სანამ კითხვას დაიწყებთ, მოეწყვეთ კომფორტულად და მორალურად შეამზადეთ თქვენი თავი არა პოსტის, არამედ წერილის წასაკითხად.

ეძღვნება ბანაკ “საზამთროს” და “Happy End”ის ბანაკის უფროსებს, ლიდერებს, ბავშვებს და ყველა იმ ადამიანს ვინც წვლილი შეიტანა ამ პროექტის განხორციელებაში.

ძვირფასო მკითხველო,

შეიძლება ამ წერილში ნათქვამი თითოეული სიტყვა გეცნობოდეს, ან შეიძლება სრულიად უცხო თვალით უყურებდე ყველაფერს, შეიძლება საერთოდაც გეზარებოდეს ამხელა ნაჯღაპნის წაკითხვა, მაგრამ მინდა იცოდე, რომ ეს წერილი ეძღვნება არამარტო მთავარ გმირებს, არამედ ზოგადად ადამიანურ ურთიერთობებს, განსაკუთრებით კი მეგობრობას.

მართალია სამივე ნაკადის 36ვე დღის გახსენება დეტალურად და თუნდაც ზოგადად შეუძლებელია, მაგრამ შევეცდები ყველა ის მნიშვნელოვანი მომენტი აღვნიშნო, რამაც თავი დაგვამახსოვრა, როგორც ლიდერებს ისე ბავშვებს.

არასდროს დამავიწყდება პირველი დღე – 10 აგვისტო (მეოთხე ნაკადის დასაწყისი), როცა ჩემი როგორც ლიდერის დებიუტი შედგა. ავედით ავტობუსებში 300 ბავშვთან + კეჩხობის და ბაკურიანის “თოვლის ბაბუის” 200 ბავშვთან ერთად და გავემართეთ ბანაკ “საზამთროსკენ” სადაც ბანაკის უფროსი ეკა-დიანა ქალიაშვილი, მისი მოადგილე აკაკი ლომსიანიძე და წინა ნაკადისგან გათანგული რამდენიმე ლიდერი გველოდებოდა. გზაში გავიცანი ჩემი მეწყვილე თორნიკე სახვაძე, რომელთანაც წყვილში კიდევ ერთხელ დიდი სიამოვნებით ვიქნები და ჩავიბარებ ისეთივე ცელქ ბავშვებს, როგორიც მეოთხე ნაკადზე მყავდა. ჩასვლისთანავე მეუცხოვა ყველაფერი, არ ვიცოდი სად უნდა წავსულიყავი ან ვისთან, მაშინ როცა ზუსტად იმ კითხვებს, რისი დასმაც მე მინდოდა, ჩემი ბავშვები მისვამდნენ: “ბარგი სად დავალაგოთ”, “შევიდეთ სასტუმროში უკვე?”, “სადილი რომელ საათზეა?”. თუმცა მარჯვედ და მოხერხებულად ვიპოვნე ეკა-დიანა, ბავშვები დავაბინავე და პირველი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადავდგი ბანაკური ცხოვრებისაკენ, ანუ ლიდერების ოთახში ფანჯარასთან, ქვედა სართულზე საწოლი დავიკავე, უფრო სწორად – დავასწარი. სადილის შემდეგ დავიწყეთ ღონისძიებისთვის მზადება, რაზმს ბავშვებთან ერთად შევურჩიეთ სახელი, დევიზი, შეძახილი და ასე დაიბადა ჩემი პირველი რაზმი “სიმბა”, რომელიც მეოთხე ნაკადის ჩემპიონი რაზმი გახდა და ოქროს საზამთროც დავიმსახურეთ.

პირველ რიგში, მინდა დავასახელო ის სამი ადამიანი, რომლებიც ლიდერებსაც და ბავშვებსაც მუდამ მხარში გვედგნენ ნებისმიერ სიტუაციაში.

ქალბატონი თეა ცომაია იგივე თეა მასწი. – ადამიანი, რომელმაც, დავესესხები მას და ვიტყვი რომ “აღმომაჩინა”, ჯერ როგორც ბავშვი, მაშინ როცა ვიყავი 15 წლის, და ახლა, როგორც ლიდერი. რომ არა ის, ბევრი ლიდერი ვერც მოვახერხებდით იმხელა გამოცდილების მიღებას რაც ამ ბანაკში ყოფნით მივიღეთ. თეა მასწი ბანაკიდან მოყოლებული იყო, არის და იქნება თითოეული ლიდერის მშობელი, მასწავლებელი, მეგობარი და რაც ყველაზე მთავარია, ყველასთვის საყვარელი და მისაღები ბანაკის უფროსი. თეა მას, შეუძლებელია თქვენი დახასიათება ერთ აბზაცში ჩავატიო, თქვენ ხართ სამართლიანი, ერთგული, პოზიტიური პიროვნება და მიხარია რომ მომეცა საშუალება მემუშავა თქვენთან როგორც ლიდერს.
ლიდერების ტრენინგებზე გავიცანი მეოთხე ნაკადის ბანაკში უმნიშვნელოვანესი პიროვნება, თავისი სტილით ყველასგან გამორჩეული, ენერგიული, სამართლიანი, მხიარული, კრეატიული, ბანაკ “საზამთროს” უფროსი ეკა-დიანა ქალიაშვილი, რომელმაც მოახერხა და ჩემი იქ ყოფნის დროს მე-4 და მე-5 ნაკადის უცელქესი ბავშვები დისციპლინის ქარ-ცეცხლში გაატარა. დიანა არის ადამიანი, რომელსაც მუდამ ჰქონდა გუაშების, ფუნჯების, სკოჩების, სტეპლერების, რეზაკების, ფერადი ფურცლების და ფანქრების ულევი მარაგი, იქამდე სანამ რეკვიზიტებზე მონადირე ლიდერებმა არ გამოვლიეთ.
და ბოლოს ადამიანი, რომელიც გაცნობის პირველივე დღიდან მეგონა უუუსერიოზულესი, უუუმკაცრესი (?!), და ისევ უუუსერიოზულესი – ადამიანი, რომელიც თავის აპარატურას კბილებით იცავდა და თუ გაბრაზდებოდა მისი ყველას ეშინოდა, ღონისძიებებზე ლიდერების იმედი და ღამით მძინარე ლიდერების რისხვა, მას ყავდა შეშლილი გოგონების შეშლილი ფანკლუბი ყოველ ნაკადზე, ეს გახლავთ ბანაკის უფროსის 6-ნაკად-გამოვლილი მოადგილე, დისკოთეკების D.J., და უბრალოდ “კაკაკი” – აკაკი ლომსიანიძე.

რაც შეეხება, გათანგულ ლიდერებს, რომლებიც დღე და ღამე შრომობდნენ და ამისგან წონაში იკლებდნენ, ღამეებს ათენებდნენ, მორიგეობდნენ, სწავლობდნენ და ასწავლიდნენ ცეცხლოვან თუ არც თუ ისე ცეცხლოვან ცეკვებს, რის შემდეგაც ყველას წელი, ფეხი ან თავი სტკიოდათ და ეს ყოველივე იმისთვის, რომ ბავშვებისთვის ეჩუქებინათ დაუვიწყარი 12 დღე – მათ ცალ-ცალკე დახასიათებას ვაპირებდი, მაგრამ მათი დახასიათება შეუძლებელია ისე, რომ არ ვახსენო ტაბუდადებული თემები, ამიტომ თავს ვიკავებ პანდორას ყუთის გახსნისგან და პირდაპირ ვიტყვი, რომ შემიყვარდა და მომენატრება უკლებლივ ყველა: მაღალი, დაბალი, წონაში დაკლებული თუ მომატებული, ხელოვანი თუ სპორტსმენი, სმენიანი თუ უსმენო, ცანცარა თუ სერიოზული, ჩქარი თუ ნელი, საზამთრო თუ ნესვი. მომენატრება თათბირი ყოველ ღამით, როდესაც თითოეულ ლიდერს ადამიანის სახე ჰქონდა დაკარგული, სანდრო სუბელიანის გაბრაზება და პარალელურად მისი კომენტარები “ეს ხეპრე”, “საიდან მოვიდნენ ეს ონავრები” და ა.შ. კახა კოტრიკაძის ღრიალი “მიგასისხლავ კედელზე” და სახელგანთქმული ჟესტი, რომელიც დარწმუნებული ვარ ყველას კარგად ახსოვს, ასევე სხვა ფრთიანი ფრაზები “რა გინდა მევლუდ?” “შენ მამპარე ტელეფონი..?!” “შენ ყოფილხარ ნამდვილი ადამიანი” და სხვა. მომენატრება – დიანასთან გუაშებზე სირბილი, ოლიმპიადაზე სირბილის ჩემპიონატის ჩატარება და შედეგად მზის დარტყმის მიღება, ღონისძიებამდე რეპეტიციისთვის სხვა ლიდერებთან ჩხუბი, წყნარი საათი, ბავშვების ორ-ორად მოწყობა, დილის ხაზი და გამამხნევებელი ხელის თითების ვარჯიში, “პინგვინების” და უნიჭიერესი ქორეოგრაფების თორნიკეს და ბესოს მიერ დადგმული ლიდერების ცეკვა “ტოკა”-ს შესრულება, მორიგეობა დღისით თუ ღამით. უკვე მენატრება ჩემი სამივე რაზმი: “სიმბა”; “ერთობა” და “ბონი-ბონი” – უნიჭიერესები, უსაყვარლესები, გიჟები, გადარეულები და ყველაზე მხიარული ბავშვები.

მადლობას გიხდით ბავშვებო, ნერვების შლისთვის, იოგების დახევისთვის და უძილო ღამეებისთვის, თუმცა კიდევ უფრო დიდი მადლობა თქვენთან გატარებული მხიარული დღეებისთვის, ღონისძიებებში ჩართულობისთვის, რის შემდეგაც ამაყი და თავაწეული დავდიოდი, იმ სითბოსთვის რომელიც თქვენგან მოდიოდა მაშინაც და დღესაც, როდესაც ბანაკში უკვე აღარ ვართ.

მადლობას გიხდით ლიდერთა შორის ლიდერებო, ბანაკის უფროსებო თეა და დიანა, გვერდში დგომისთვის, მეგობრობისთვის, გუაშებისთვის, სკოჩებისთვის, {დიანას განსაკუთრებული მადლობა კონტრაბანდისთვის, რომელიც მეხუთე ნაკადის ბოლოს დამიტოვა.} სამართლიანი შენიშვნებისთვის და უაღრესად დიდი მოთმინებისთვის.

მიყვარხართ,

მენატრებით,

მადლობთ, რომ არსებობთ,

თქვენი ნანუკა ლიდერი.

მე-4 ნაკადის ლიდერები

მე-4 ნაკადის ლიდერები

მე-5 ნაკადის ლიდერები

მე-5 ნაკადის ლიდერები

მე-6 ნაკადის ლიდერები

მე-6 ნაკადის ლიდერები

Advertisements

2 thoughts on “საზამთრო და Happy End

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s