მოგონილი

კარზე კაკუნი გაისმა.
მოხუცმა ბენმა ძლივს მიაჩოჩა საკუთარი სხეული კარებამდე, აკანკალებული ხელით სახელური მოძებნა და ყრუდ ჩაილაპარაკა:
– ვინ არის?
– მე ვარ ბენ, გამიღე – მოისმა კარის უკნიდან.
კარი გაიღო და ზღურბლზე ახალგაზრდა პიტერი გამოჩნდა, რომელსაც ხელში ხილით სავსე კალათი ეჭირა.
– შემოდი პიტერ, უკვე დიდი ხანია რაც გელოდები, სად დაიკარგე? – ბენი ღია კარში იდგა და სახელურს ხელს არ უშვებდა.
– შენი გაღვიძება არ მინდოდა, დილიდან საქმეებზე დავრბივარ – პიტერი საქმიანი კაცივით გაიშალა მხრებში და წარბები ზევით აზიდა – გახსოვს ძაღლზე, რომ გეუბნებოდი, გერმანულ მეცხვარეზე..
– კი, კი – აღტაცებულმა გააწყვეტინა მოხუცმა.
– ხოდა, მოგიყვანე, როგორც დაგპირდი – გაიღიმა პიტერმა და სახლში გერმანულ მეცხვარეს შეუძღვა. ბენმა როგორც იქნა კარი დაკეტა და ნელ-ნელა პიტერისკენ შემობრუნდა.
– მე მას ჩიჩო დავარქვი, წინააღმდეგი ხომ არ ხარ? – ოდნავი ყოყმანის შემდეგ იკითხა პიტერმა.
– ჩიჩო.. არა, კარგი სახელია, მომწონს. როგორია?
– ხომ იცი, ისეთი, ბავშვობაში რომ მყავდა, ოღონდ ეს უკვე დიდია.
ბენმა როგორც იქნა სკამი მონახა და ჩამოჯდა.
– აბა ახლოს მომიყვანე.
პიტერმა ჩიჩო ბენთან მიიყვანა, ძაღლმა ბენის კალთაზე თათები დააწყო და ბენს მიაჩერდა.
– რას აკეთებს? – იკითხა ბენმა ოდნავ ხრინწიანი ხმით, თან თითქოს პასუხი უკვე იცისო, ძაღლს თავზე ხელი ალერსიანად გადაუსვა.
პიტერმა, რომელიც ხილის კალათასთან იდგა და იქიდან ყურძენს მადიანად შეექცეოდა, ცალი თვალით გადმოხედა მამისა და ძაღლის დამეგობრების უცნაურ სურათს და გამოტენილი ყბით ზლაზვნით უპასუხა:
– რას უნდა აკეთებდეს? გიყურებს. ალბათ შია.
პიტერმა ჩიჩოს მისთვის განკუთვნილი საჭმელი გამოუტანა, რომლის მიგნებაც არც ისე ძნელი იყო, ბენს იგი მაცივრის თავზე შემოედო საჭირო ჭურჭელთან ერთად, თუმცა ძაღლი ბენის კალთას არ მოშორებია, პიტერმა მხრები აიჩეჩა და ყურძნის ჭამა განაგრძო. ბენმა ძაღლს თათზე ხელი მოუთათუნა, მან ხომ უკვე იცოდა, რომ ჩიჩოს სულაც არ შიოდა.
– დღეს… ექიმთანაც შევიარე – დაიწყო პიტერმა.
– ხომ გითხარი მანდ ტყუილად დადიხარ-მეთქი, არანაირი დახმარება არ მჭირდება, რამდენჯერ უნდა გითხრა. – გაჯავრდა ბენი.
– მთელი კვირის მანძილზე მაგას უკვე 29-ჯერ მეუბნები – ნიშნის მოგებით უთხრა პიტერმა, მაგრამ როცა მამის იმედგაცრუებული სახე დაინახა, დაამატა –  ხო, ვითვლი, მერე რომ დამჭირდება მეცოდინება რამდენჯერ იყავი არასწორი – და თავისი გონეამახვილობით ნასიამოვნებმა კბილები დაკრიჭა.
ბენმა თავი გააქნია, რითიც აშკარად ამბობდა, რომ შვილისგან სხვანაირ პასუხს არც მოელოდა.
– რაო მერე ექიმმა?
– შენ წარმოიდგინე, იქ არ დამხვდა – ვითომც აქ არაფერიო მხრები აიჩეჩა შვილმა.
– წარმომიდგენია… – ისევ ხელი ჩაიქნია ბენმა და წამოდგა –  წავალ ჩიჩოს სახლს დავათავლიერებინებ.
– არა, მოიცა, მართალია ექიმი სტოუნი იქ არ იყო, თუმცა იცი ვინ იყო იქ?
– ვინ?
– მოლი – თვალები გაუბრწყინდა პიტერს.
– ვინ მოლი? – სკამზე მოწყვეტით დაეშვა მოხუცი, ეტყობოდა უკვე გააცნობიერა, რომ იქ დიდხანს ჯდომა მოუწევდა.
– როგორ თუ ვინ მოლი, მოლი ბენეტი, ჩემი კლასელი, შარშან რომ სხვა ქალაქში გადავიდა მაგის ოჯახი, ხომ გახსოვს, თურმე დაბრუნდნენ და დღეს საღამოს კინოშიც მიმყავს – გაიჯგიმა პიტერი.
– ხო, გამახსენდა ბენეტების ოჯახი, კარგი ხალხია. კარგია პიტერ, სულ გეუბნები, რომ სახლიდან უნდა გახვიდე, გაერთო, მეგობრებს შეხვდე…. სამსახური იშოვო.. – ქურდივით შეაპარა ბენმა.
პიტერმა თვალები ჭყიტა და პირთან მიტანილი ყურძნის მარცვალი კალათაში ისროლა.
– ვიცოდი, ვიცოდი, რომ მაგას იტყოდი, არაფერი არ უნდა მეთქვა. – გაბრაზებულმა ყურძენიც კალათაში ჩააგდო, მაგიდას მიეყრდნო და ჭრელ ხალიჩას დააშტერდა.
– პიტერ – ალერსიანად დაიწყო ბენმა – ხომ იცი უკვე 26 წლის ხარ, ჩემი ფერმით უკვე ვერაფერს ვშოულობთ, მეც ხეიბარი ვარ…
– მხოლოდ დროებით, ექიმი სტოუნი ამბობს, რომ მალე მომჯობინდები – იმედით ახედა შვილმა მამას.
– ექიმი სტოუნი, ექიმი სტოუნი – ხმა დაიწვრილა მოხუცმა – ავარიიდან უკვე 3 წელი გავიდა და მაგ ექიმბაშს დაპირებების მეტი არაფერი გაუკეთებია, არ მჯერა მე მაგის, რაც მოხდა იმას არაფერი ეშველება, გითხარი – მუქარის ნიშნად თითი ჰაერში ასწია ბენმა – გირჩევნია სამსახური იშოვო, თორემ გოგოების კინოში წასაყვანი ფული მითავდება – ხელი ჩაიქნია მოხუცმა, ნელა წამოდგა და ჩიჩოსთან ერთად  ნელი ნაბიჯებით თავისი ოთახისკენ გასწია.

To Be Continued…

©Geoliberty

Advertisements